თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo New York-ზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიებმა წარადგინა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, Vinexpo New York-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
„ამასთან ერთად, Vinexpo New York-ში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი“,-აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქართული ღვინის იმპორტიორებს, კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ს და ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს (Amber Wine LLC, Saperica, Georgian House of Greater Washington) შეხვდნენ.
შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის გაყიდვების ხელშეწყობის სტრატეგია განიხილეს, რომელიც აშშ-ში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას ითვალისწინებს როგორც „ნიშურ“ სეგმენტში, ისე სავაჭრო ქსელებში.
ბოლო წლებში სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა, აღნიშნეს უწყებაში.
ბოლო 8 წელია, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია: 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც თითქმის 28%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.