თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოში 28 მაისიდან ოპერირებას დაიწყებს თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან – ანკარიდან, ანტალიიდან და იზმირიდან შესრულდება.
ავიაკომპანიის ოპერირების შესახებ საბოლოო დეტალები საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ SunExpress-ის მენეჯმენტთან საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin-ის ფარგლებში განიხილა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. Turkish Airlines-და Lufhansa-ს მიერ დაფუძნებული თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress 28 მაისიდან ანტალიიდან, 2 ივნისიდან იზმირიდან და 5 ივნისიდან ანკარიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს", – განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით თბილისში ტუროპერატორებისთვის და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართება, რაც სამივე მიმართულებით ბილეთების გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს შეასრულებს კვირაში 5 სიხშირით. ერთი სიხშირით თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის, ორ-ორი სიხშირით კი პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება ანტალიიდან და იზმირიდან თბილისის მიმართულებით.
ავიაკომპანია SunExpress 1990 წელს ანტალიაში დაფუძნდა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. იგი პირველი კერძო ავიაკომპანიაა, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.