ქვრივიშვილი: ITB Berlin 2023 საქართველოს ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს

მასშტაბური გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასმედიის 5 ათასამდე წარმომადგენელმა გააშუქა.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ზე საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას და ქვეყანას წარმატებით გაიყვანს ახალ სამიზნე ბაზრებზე, მათ შორის, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ბერლინში ოფიციალურად დაიხურა მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023, რომლის მასპინძელი ქვეყნის სტატუსიც წელს საქართველოს ერგო. ღონისძიება 6 მარტს გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამაც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ITB Berlin 2023-ზე საქართველო წარდგა სლოგანით „უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა".

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველო გახდეს კარგად განვითარებული ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რის გამოც ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ხდება ახალი, მიმზიდველი ტურისტული ადგილების, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის, კონკურენტული სერვისების განვითარება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის ზრდის დინამიკა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილობრივ საავიაციო ბაზარზე შემოვიდეს მეტი ახალი ავიაკომპანია, არსებულმა ავიაგადამყვანებმა კი გაზარდონ მიმართულებები და რეისების სიხშირე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევროპის მიმართულებებზე, რათა მეტმა ევროპელმა ტურისტმა შეძლოს საქართველოში მოგზაურობა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილი
ITB 2023-ზე გამოფენაზე საქართველოს პავილიონი 1.000 კვ.მ-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, აეროპორტების გაერთიანება.
საქართველომ, როგორც გამოფენის ოფიციალურმა მასპინძელმა ქვეყანამ, გამოფენის 180-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელსა და 200 ათასამდე დამთვალიერებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული სექტორის პოტენციალის, ტრადიციების, სტუმარმასპინძლობისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.