თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.
კარაბალისს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი თავისი მანდატის შესრულებას 2023 წლის 1 თებერვალს შეუდგა. ის მარეკ შჩიგელის მემკვიდრე გახდა, რომელმაც თავისი სამუშაო ამ თანამდებობაზე 2022 წლის 14 დეკემბერს დაასრულა.
EUMM – მშვიდობიანი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციის პროცესების მხარდაჭერას ახორციელებს. ევროკავშირის სამოქალაქო მისია ევროკავშირის შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ 2008 წლის სექტემბერში ამოქმედდა.
EUMM-ის მისიაში ევროკავშირის 27-ვე მონაწილე ქვეყანა თანამშრომლობს.
მისია ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას მხარეებს შორის კონტაქტების ორგანიზების გზით და ნდობის აღსადგენად განხორციელებული სხვა ღონისძიებების მეშვეობით.