ფიროსმანის ნამუშევრებს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში დააბრუნებენ

ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატები და სხვა ექსპონატები საცავებში 9 მარტს გადაიტანეს.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა, რომელიც თბილისში საპროტესტო აქციების გამო საცავში გადაიტანეს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი 14 მარტიდან გახდება.
დღეიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს გალერიის პირველი სართული, სადაც იმართება სკულპტორ კარლო გრიგოლიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „აკრძალული ხელოვნება".
14 მარტიდან კი, ფიროსმანის ნამუშევრებთან ერთად, გალერეის მეორე სართულზე შესაძლებელი გახდება თანამედროვე ქართველი სკულპტურის მუდმივი გამოფენის დათვალიერება, სადაც წარმოდგენილია ვაჟა მელიქიშვილისა და რუსუდან გაჩეჩილაძის ნამუშევრები.
ეროვნული გალერეის ექსპონატები საპროტესტო აქციების გამო საცავებში გადაიტანეს>>>
8 მარტს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის დროს გალერეაში, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, შეიჭრნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც სპეცრაზმს ემალებოდნენ.
აქციის მონაწილეებმა შეამტვრიეს კარი და გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი დაიკავეს, სადაც დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებია გამოფენილი. ახალგაზრდების საგამოფენო სივრციდან ქუჩაში გაყვანა რამდენიმე წუთში მოხერხდა, ექსპონატები არ დაზიანებულა.
აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ.