დეპუტატებმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კენჭისყრისას ჩააგდეს

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, ერთი მომხრე იყო, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდეს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
კანონპროექტს მხარი დაუჭირა ერთმა და წინააღმდეგ წავიდა 35, თავი შეიკავა 58-მა დეპუტატმა. რეგისტრაცია სხდომაზე სულ 112-მა დეპუტატმა გაიარა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მაშინ მას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 13.
ამას მოჰყვა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ხუთშაბათს, ორდღიანი დაპირისპირების ბოლოს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტიდან გაიწვიეს>>
რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის გამოწვევისთვის მისი მეორე მოსმენის დროს კენჭისყრაზე ჩავარდნა იყო საჭირო, ასეც მოხდა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გარდა ასევე ინიცირებული იყო მეორე, კანონპროექტის ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ". ის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ.

შესაბამისად, რეგლამენტის თანახმად, ინიციატორებმა პარლამენტის ბიუროს წერილობით მიმართეს, რომელმაც პარასკევს დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა კანონპროექტის გაწვევის შესახებ.