თბილისი დაძაბული ღამის შემდეგ: რა ხდება რუსთაველის გამზირზე

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი მომხდარს პარლამენტის შტურმის მცდელობა უწოდა.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე პოლიციის თანამშრომლები, დაკავებები და 16-საათიანი პროტესტი – ასეთი ვითარებაა ამჟამად თბილისის ცენტრში.
ამ დროისათვის პროტესტმა, რომელიც 7 მარტის 15:00 საათზე დაიწყო, მეტროს სადგურ „რუსთაველისკენ" გადაინაცვლა, სადაც აგრესიულად განწყობილი რამდენიმე ათეული ახალგაზრდა იმყოფება.
ამასთან, პოლიცია აგრძელებს დემონსტრანტების დაკავებებს, რაც ერთ საათზე მეტია გრძელდება.
პროტესტის ქრონოლოგია
უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია პარლამენტის შენობის წინ 8 მარტს დღისით ახალი ძალით გაგრძელდა, აქციაზე 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. საღამოს 10 საათისთვის ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
თავიდან აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს წაუყენეს ულტიმატუმი – მათ მოითხოვეს სკანდალური კანონპროექტების გაწვევა და 7 მარტის აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მმართველმა პარტიამ მოთხოვნები არ შეასრულა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა დაისახეს გეგმა: საქართველოს პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან და დეპუტატებს 9 მარტს დაგეგმილი პარლამენტის სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცენ.
როგორც კი აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ალყა შემოარტყეს, აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირები დაშალა, მათ შენობის პირველ სართულზე მინები ჩაამსხვრიეს და პოლიციელების მიმართულებით ქვები და სხვადასხვა ნივთები ისროლეს.
დამწვარი ავტომობილი და დამტვრეული ძელსკამები - აქცია თბილისში გრძელდება>>>
ამის საპასუხოდ პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მომხდარს პარლამენტის შტურმის მცდელობა უწოდა.

„დღეს რადიკალური ოპოზიცია რადიკალურ აქტივისტებთან ერთად დაკავებულია პარლამენტის შტურმით", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

პირველი დაპირისპირებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ვითარება პარლამენტთან ისევ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ავტომობილების დაზიანება, მათ ამოატრიალეს საპატრულო პოლიციის ავტომობილი.
პოლიციამ, თავის მხრივ, ისევ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა და მოახერხა რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლება.
ახალგაზრდების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა – ისინი სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებსა და საღებავებს, მათ რუსთაველის გამზირზე განთავსებული ძელსკამებისა და სანაგვე ურნებისგან ბარიკადები აღმართეს, დააზიანეს რამდენიმე ავტომობილი. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „თბილისი მერიოტთან" ერთ-ერთი ავტომობილი დაწვეს.