თბილისი, 9 მარტი – Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ექსპონატები დროებით საცავებშია გადატანილი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული გალერეის განცხადებაში.
გუშინ რუსთაველის გამზირზე მდებარე გალერეაში შეიჭრნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც სპეცრაზმს ემალებოდნენ. ისინი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
გალერეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეებმა შეამტვრიეს კარი და გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი დაიკავეს, სადაც დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებია გამოფენილი.
„საბედნიეროდ, ექსპონატები არ დაზიანებულა, ხოლო აქციის მონაწილეები გაყვანილ იქნენ მომდევნო რამდენიმე წუთში საგამოფენო სივრციდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.
„ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ“, – აღნიშნეს მუზეუმში.
ორი დღის მანძილზე საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. ხუთშაბათს მმართველმა გუნდმა, ასევე კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
დღის განმავლობაში მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
ორი დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 133 ადამიანი.