დამწვარი ავტომობილი და დამტვრეული ძელსკამები - აქცია თბილისში გრძელდება

Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია გრძელდება, ავტომობილი იწვის, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის იმპროვიზებული ბარიკადებია აღმართული.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
აქციის მონაწილეებმა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტთან“ გადაინაცვლეს, სპეცრაზმი კი პარლამენტის შენობასთან არის მობილიზებული. მათ ერთმანეთისგან მომიტინგეების მიერ ძელსკამებისგან, სანაგვე ურნებისა და ავტომობილისგან ხელოვნურად შექმნილი ბარიერი ყოფს.
აქციის მონაწილეებმა ავტომობილი დაწვეს. ცეცხლი უკვე გავრცელდა მიმდებარე ნაგვის ურნებზე. მომიტინგეებმა ასევე დააზიანეს პირველი გიმნაზიის შენობასთან არსებული ავტობუსის გაჩერება.
აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართაც აგრესიულები არიან. ექვს საათზე მეტია აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით პერიოდულად ისვრიან საღებავებს, ბოთლებს და სხვა ნივთებს.საპასუხოდ პოლიცია პერიოდულად იყენებს სპეცსაშუალებებს - ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს. ასევე მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება.