თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც წუხელ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისათვის სიმშვიდეა.
ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს წინ აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან, ტერიტორიაზე მხოლოდ სამართალდამცველები რჩებიან.
პარლამენტის შენობის კედლებზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა წარწერები დატოვეს, მათ შორის „აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, 15:00 საათზე ისევ გაიმართება.
„დღის განმავლობაში უნდა დავიწყოთ შეკრება. არ უნდა დავიღალოთ. ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნისთვის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
გუშინ თბილისის ცენტრში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პერიოდულად ხდებოდა.
აქციის მონაწილეებმა პოლიციას სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, დააზიანეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეცსაშუალებები – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა პროტესტის ფორმამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი საშუალებები.