თბილისი, 8 მარტი — Sputnik. აშშ-ის სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის მრავალწლიანი დომინირების რღვევა გამოიწვია, რადგან ინდოეთთან, რომელიც საზღვაო გზით რუსული ნავთობის მთავარი საექსპორტო ბაზარია, გარიგებების უმეტესობა სხვა ვალუტაში იდება, წერს სააგენტო Reuters.
ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა ნავთობის შესყიდვების მიხედვით. ევროპული სანქციების ამოქმედების შემდეგ რუსეთი მისი მთავარი მიმწოდებელი გახდა. ინდოეთის მთელი შესყიდვების მესამედი რუსეთზე მოდის. 2022 წლის 5 დეკემბერს რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის ამოქმედების შემდეგ ინდოეთი „შავი ოქროს“ ღირებულებას სხვა ვალუტებში იხდის, მათ შორის, არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამებსა და რუსულ რუბლში. მიღებული თანხები უკვე რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად არის შეფასებული.
როგორც „როიტერის“ ინფორმირებული წყაროები აცხადებენ, დუბაიში არსებული ტრეიდერები და ასევე რუსული ენერგეტიკული კომპანიები „გაზპრომი“ და „როსნეფტი“ დაინტერესებული არიან, რომ გარკვეული მარკის რუსულ ნავთობზე გადახდები, რომელიც 60 დოლარზე მეტად იყიდება, ამერიკულ დოლარში არ განხორციელდეს. მათი თქმით, სამმა ინდურმა ბანკმა უკვე დაამტკიცა ზოგიერთი გარიგება.
ამასთან აღინიშნება, რომ დირჰამებში გადახდებმა შესაძლოა გაართულოს აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციები MTS Bank-ის წინააღმდეგ, რომელიც, წყაროების თქმით, ინდურ ნავთობზე არადოლარული გარიგებების ნაწილს ახორციელებდა.
ინდურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიაში არსებული წყაროს თქმით, ინდოელი კლიენტები და რუსი მიმწოდებლები აპირებენ სხვა გზებით განაგრძონ რუსული ნავთობით ვაჭრობა — მიუხედავად სანქციებისა.
„რუსი მომწოდებლები იპოვიან სხვა ბანკებს გადახდების მისაღებად. ამ დროისათვის მთავრობა არ გვთხოვს რუსული ნავთობის შესყიდვების შეწყვეტას, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ არსებული სქემის დაბლოკვის შემთხვევაში ალტერნატიული გადახდის მექანიზმი მოიძებნება“, — განუცხადა „როიტერს“ წყარომ.
დოლარი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა წამყვანი ვალუტის პოზიციას ნავთობვაჭრობაში. ამერიკელი ექსპერტების აზრით, დოლარის ძლიერებას ამ ეტაპზე ვერავინ მოერევა, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის გადასვლამ სხვა ვალუტებით ანგარიშსწორებაზე შესაძლოა დასავლეთის ფინანსური სისტემები შეარყიოს.
წყარო: Reuters