თბილისი, 8 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უცხოურ აგენტებზე კანონპროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის მოტყუებასა და სპეკულაციებში დაადანაშაულა.
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციამ თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით დაარწმუნა ადამიანები, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი რუსულია.
„თუ 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით სამართალდამცველები ძალადობდნენ მომიტინგეებსა და სახალხო დამცველზე, გუშინ იმავე „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცველებსა და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ – ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი რუსული კი არა, ამერიკულია.
„თუ რამე ჰგავს ერთმანეთს, ეს არის რუსული და ამერიკული კანონი. ქართული კანონი, რომელიც გუშინ ჩვენ მივიღეთ, არის ამერიკული ვერსია, რომელიც, ამერიკულისგან განსხვავებით, შესაბამისობაშია მოყვანილია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ყველაფერი დანარჩენი ტყუილია“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსმა ფარისევლობა უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების საუბრებს ევროკავშირში მისწრაფებაზე. კობახიძის თქმით, კანონპროექტი მიმართულია „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
„ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.
მან სპეკულაცია უწოდა საუბრებს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კანონპროექტი რამენაირად უკავშირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
„ჩვენ მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატეთ ევროპული ინსტიტუტების მიმართ იმით, რომ გავგზავნეთ ეს პროექტი ვენეციის კომისიაში. ველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად გავაგრძელებთ მოქმედებას“, – აღნიშნა მან.
მმართველმა პარტიამ 7 მარტს მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანფინანსდება). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.