შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

პარლამეტში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის შენობასთან ისევ აქციის ფონზე მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონპროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტრო ამასთანავე მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
„აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
კანონპროექტების განხილვები პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს შესაძლებლობებზე, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ის რუსული კანონის ანალოგია.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროეტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარისას განაცხადა, რომ ამა თუ იმ კანონის მიღების საკითხი თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა.