თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.
საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არცერთი არ წავიდა. სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
„ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ", – მიმართა მას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეებმა" წარადგინა. თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.
ლევან იოსელიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები", 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.
იოსელიანმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. 1999–2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის" იურისტი, 2000–2001 წლებში „თიბისი ბანკის" მთავარი იურისტი. 2008–2016 წლებში იყო "ლევან იოსელიანის იურიდიული კომპანიის" იურისტი, 2018–2020 წლებში ააიპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი.