თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ანა ჩუბინიძის ქართულ-ფრანგულმა ანიმაციურმა ფილმმა „ჯიბის კაცმა“ ორი ჯილდო მოიპოვა. ამის თაობაზე ილუსტრატორმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მულტფილმმა თავისი მე-18 და მე-19 ჯილდოები Providence Children's Film Festival-ზე (როდ-აილენდი, აშშ) და Carrousel international du film de Rimouski-ზე (კანადა) მიიღო.
„ჯიბის კაცი“ — ეს პატარა კაცუნას, სახელად ედგარის ისტორიაა, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. ერთხელ იგი შემთხვევით გაიცნობს ბრმა გამვლელს. ედგარი მისი მეგობარი და გამცილებელი გახდება და ამავე დროს თავისთვის აღმოაჩენს სრულიად უცნობ, რეალურ სამყაროს.
მულტფილმში დიალოგები არ არის — გმირები ერთმანეთს მუსიკის, ხმაურის და სხვადასხვა სტიქიის ბგერებით ეხმიანებიან.
შვიდწუთიან ფილმზე „ჯიბის კაცი“ 27 წლის ქართველი ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე ფრანგ კოლეგასთან მხატვარ მარიონ შარიესთან ერთად მუშაობდა. მულტფილმი ქართული კინოსტუდია „კვალი ХХI“-ს ბაზაზე ფრანგულ კომპანია Folimage-თან თანამშრომლობით გადაიღეს.
„ჯიბის კაცის“ პრემიერა 2017 წლის 25 თებერვალს აშშ-ში, ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ანა ჩუბინიძე თავისი პროექტით „ჯიბის კაცი“ პირველად 2015 წელს გამოჩნდა ნიქოზში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალზე. სწორედ იქ მოეწონათ მისი იდეა უცხოელ ანიმატორებს და ჩუბინიძე საფრანგეთში მიიწვიეს ანსის ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე (Annecy International Animation Film Festival). უკვე ანსში ქართველი ილუსტრატორის პროექტით დაინტერესდა ფრანგული ანიმატორული კომპანია Folimage.