თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 47 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა თბილისში, მეტროს სადგურ „დელისის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბიზნეს-ცენტრის ეზოში მიმდინარე წლის 6 მარტს მოხდა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 50 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, „ცხელ კვალზე“ დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი იმ ბიზნეს-ცენტრის ერთ-ერთი მეწილეა, სადაც შემთხვევა მოხდა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს მიყენებული.