თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა აშშ-ში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) ასპარეზობა წარმატებით დაასრულა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
Invictus Games – საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. ასპარეზობები ბრიტანეთის პრინც ჰარის ინიციატივით 2014 წლიდან იმართება.
ლას-ვეგასის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო თამაშებმა სტარტი 24 თებერვალს აიღო და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის 11 ოქრო, 8 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დახვდნენ, რომლებმაც წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში მიიღეს მონაწილეობა.
ამჟამად აშშ-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი-დაშავებული მოსამსახურეების კიდევ ერთი გუნდი იმყოფება, რომელიც სან-დიეგოში საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა წელს პირველად იასპარეზეს, სადაც მათ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები უწევდნენ მეტოქეობას.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.