დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემათ

პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. დევნილებსა და ეკომიგრანტებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს საგრანტო პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
უწყების ცნობით, დევნილებმა და ეკომიგრანტებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავად შეარჩიეს. ამ ეტაპზე კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 77 გამარჯვებული გამოავლინა.
პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დევნილთა სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში 500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.