საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია ამოიღეს

საქონელი აღმოჩენილია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დათვალიერების შედეგად.
Sputnik
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ქართველმა მესაზღვრეებმა არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, 6-28 თებერვალს ამოღებულია ჯამში 61.203 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი.
არადეკლარირებული სიგარეტი აღმოჩენილია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად.
კანონდარღვევის ფაქტები დაფიქსირდა საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“, „ლაგოდეხი“ და „ფოთის პორტი“.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.
საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდის მასშტაბები გაიზრდა 2019 წლის შემდეგ, როცა თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო ქვეყანაში სიგარეტისა და თამბაქოს ფასები მკვეთრად გაიზარდა. მას შემდეგ შემოსავლების სამსახურმა განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოაქცია ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა და რეალიზაცია.
წყარო - შემოსავლების სამსახური