თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველო და სომხეთი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სეისმური რეჟიმის კვლევის ერთად ჩატარებას აპირებენ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.
შეთანხმება შედგა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრ არმენ პამბუხჩიანსა და სომხეთში საქართველოს ელჩ გიორგი შარვაშიძეს შორის.
„მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ თანამშრომლობა სეისმური უსაფრთხოების სფეროში – საპილოტო პროექტის სახით სეისმური რეჟიმის კვლევები ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, ასევე იქნება ანალიზის და მონაცემების გაცვლა“, – ნათქვამია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე პამბუხჩიანი შეეხო სომხურ-ქართულ თანამშრომლობას საგანგებო სიტუაციების სფეროში. მან გაწეულ მუშაობას მაღალი შეფასება მისცა.
ელჩმა გიორგი შარვაშიძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით შეუწყოს ხელი.
საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე ძლიერი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭასა და იმერეთში დაფიქსირდა. ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალი იყო. ამ მიწისძვრამ 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.