მსოფლიო დღეს

ხილის აუტანელი სუნის გამო თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა

Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. თვითმფრინავი, რომელიც სტამბული–ბარსელონის რეისს ასრულებდა, სტამბულის აეროპორტში დაბრუნდა, ვინაიდან სენსორებმა სატვირთო ნაკვეთურში აუტანელ სუნზე ირეაგირეს, იუწყება თურქული ტელეარხი TRT Haber.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის კაპიტანმა სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე გადაწყვიტა ხომალდი უკან, სტამბულის აეროპორტში დაებრუნებინა. იმ მომენტისთვის თვითმფრინავი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.
სატვირთო ნაკვეთურის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სენსორები ჩაირთო დურიანის „არომატის“ გამო, რომელიც დამწიფებისას მძიმე სუნს გამოსცემს.
აღნიშნული ხილი ცნობილია თავისი „სამოთხისებური გემოთი და ჯოჯოხეთური სუნით“. მიიჩნევა, რომ ამის მიზეზია გოგირდი, რომელიც დიდი რაოდენობით შედის დურიანში და რომელიც ჰაერთან შეერთებისას ჟანგვით პროცესს იწყებს.
არსებული ცნობით, აღნიშნული რეისის მგზავრები ბარსელონაში სხვა თვითმფრინავით გაამგზავრეს.