თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება.
ზურაბიშვილი 6 მარტს სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განათლების საკითხებზე იმსჯელებენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, ამინა მოჰამედს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ, სიმა სამი ბაჰუსს, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორს, აჰიმ შტაინერს.
უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ-იორკის მერთან, ერიკ ადამსთანაც.
ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებს ესტუმრება, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საჯარო ლექციას წაიკითხავს.
ასევე, სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში ჰარვარდის კლუბსაც ეწვევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია