თბილისი, 4 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პროფესიული განვითარების საბჭომ 14 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა, საიდანაც 11 ექიმს ლიცენზია შეუჩერდა, განაცხადა „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ.
„ერთი წლის მანძილზე გერმანიაში 14 საჩივარი დაფიქსირდა, მაშინ როცა მხოლოდ წინა თვეში საქართველოში, პროფესიული განვითარების საბჭოზე 14 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 14 ექიმიდან, 11 შეუჩერეს სერთიფიკატები“, - განაცხადა ლოლუამ მედია-ცენტრ „მთავარში“.
მისივე თქმით, იყო ერთი სამედიცინო შემთხვევა, რომელიც სიკვდილით დასრულდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ხუთ ექიმს ლიცენზია სამუდამოდ ჩამოერთვა. ერთ-ერთი მათგანია ანესთეზიოლოგი. მას ელოდება სასამართლო პროცესს, რომელიც თითქმის ერთი წელი გაგრძელდება.
ლოლუამ აღნიშნა, რომ ხშირად ექიმები არ მიდიან დავაზე, ურჩევნიათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარონ. ლოლუას მიაჩნია, რომ ეს კურსები ექიმებს არანაირ უნარ-ჩვევებს არ აძლევს და არაეფექტურია, ეს არის ტყუილად გადაყრილი ფული.
„ფურცელზე დაწერილია, რომ ვითომდა ექიმმა გაიარა გარკვეული კურსი. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ ხდება კონტროლი, თუ რა ისწავლეს ამ კურსებზე“, - განაცხადა სალომე ლოლუამ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო. სააგენტო ა საკითხებს ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე სწავლობს.
სააგენტო ასევე აკვირდება კლინიკებში სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების პირობებს და განხორციელებას. უწყება გასცემს სამედიცინო დაწესებულებებს ლიცენზიებს, ატარებს ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდებს და ასევე გასცემს სერთიფიკატებს.