თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ინფორმაცია, თითქოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა სტუდენტებსაც მოუწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება, სტუდენტებს მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა შეეხებათ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრის განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რათა რეფორმის შინაარსი სხვანაირად დაანახონ მათ.
„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სტუდენტებს შეეხება მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა. იქნება რამდენიმე მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ვფიქრობ, ჩვენ ასევე გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ზუსტად იმ პროგრამით, რომელსაც ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში გაიარონ სავალდებულო სამსახური“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, სტუდენტების შემთხვევაში ის პროგრამა, რომელიც მათ შეიძლება 4 წლის განმავლობაში გაიარონ, ზაფხულობით ერთთვიანი მომზადება იქნება. ამასთან 25 წლის სტუდენტებს, რომლებსაც 27 წლის ასაკიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა აღარ უწევთ, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ თავად აირჩიონ, წავლენ თუ არა ჯარში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პირი საჯარო დაწესებულებაში მუშაობს, კანონმდებლობაში შევა ცვლილება, რომლის ძალითაც მას დაკავებული პოზიციაც შეუნარჩუნდება და ანაზღაურებაც. ამასთან მათ ექნებათ შესაძლებლობა, სავალდებულო სამსახური შვებულების დროს გაიარონ — წელიწადში ერთი თვე.
თავდაცვის მინისტრმა ის ბენეფიტებიც (ფულადი და არაფულადი ანაზღაურება - რედ.) განმარტა, რომელთაც ახალი პროგრამები ითვალისწინებს. მისი თქმით, სამინისტროს აქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც. მათ შორის ისეთიც, რომელიც 11-თვიან სავალდებულო სამსახურს შეეხება და სადაც მაღალი ანაზღაურებაა გათვალისწინებული — სავარაუდოდ, 1.200 ლარი. გარდა ამისა, წვევამდელს მიენიჭება ოფიცრის სტატუსი.