ჯუანშერ ბურჭულაძე: აპრილში რამდენიმე ქართულ დრონს გამოვცდით

ქართულმა „დელტამ“ დრონების საწარმო წარმატებულ პოლონურ კომპანიასთან ერთად შექმნა.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება რამდენიმე დრონის გამოცდა, რომლებიც ქართულ-პოლონურ კომპანია Delta-WB-ში მზადდება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, აღნიშნული ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია.

„აპრილში გვექნება დრონის ხუთი ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ. ეს არის ძალიან წარმატებული პოლონური კომპანია, ვისთან ერთადაც „დელტამ“ ერთობლივი საწარმო დააფუძნა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული საწარმო თავდაცვის სამინისტროში“, — აღნიშნა ბურჭულაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, ერთობლივ საწარმოს უწყებამ დაახვედრა ახლად აგებული შენობა, სადაც დრონების სერიული წარმოება დაიწყება.
პოლონურ კომპანია WB Group-თან ხელშეკრულება 2022 წლის 19 მაისს გაფორმდა თბილისში. მის საფუძველზე დაარსდა ერთობლივი საწარმო Delta-WB, სადაც დრონები აიწყობა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, კომპანიას გასული წლის ბოლომდე უნდა გამოეშვა ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები, თუმცა სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო დრონების წარმოების დაწყება ვერ მოესწრო.