„ჰოლდინგები დაიშლება" - ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე

ოთხი ფარმაცევტული კომპანია ქვეყნის ბაზრის 90%-ზე მეტს ფლობს.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ჰოლდინგები, რომელშიც შედიან აფთიაქები, დაიშლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების განხორციელება ვერ მოხერხდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ კვირაში ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულა. მინისტრმა ამას „ჰოლდინგის შეთქმულება“ უწოდა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირების მოხდენის პირობა დადო.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ამჟამად ბაზრის ადაპტაცია მიმდინარეობს და კომპანიები კანონის ყველა პირობას იცავენ, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში ფასის მატება შესასყიდი ფასის მატებას უკავშირდებოდა.
სკანდალი წამლების ფასებთან დაკავშირებით: კონკურენციის სააგენტო ბაზარს სწავლობს>>>
როგორც მინისტრმა განმარტა, აფთიაქები, კლინიკები, სადაზღვევო კომპანიები ერთ ჰოლდინგში შედან და, შესაბამისად, იმპორტიორებს შეუძლიათ მედიკამენტებზე ნებისმიერი ფასი დააწესონ, რაც არ უნდა შორს იყოს იგი რეალურ ღირებულებასთან.
მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბაზარზე მეტი კონკურენცია იყოს და შედარებით მცირე კომპანიებმა შეძლონ მუშაობა როგორც იმპორტის, ისე დისტრიბუციის მიმართულებით, აღნიშნა მან.

„საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, ჰოლდინგების დაშლამდე მივალთ. სხვა შემთხვევაში რეფორმა და ცვლილება ვერ მიიღწევა“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჰოლდინგებს შეუძლიათ ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სამწუხარო გადაწყვეტილებების მიღება ზუსტად მსგავსი ტიპის შეთანხმებებით, რომელიც იყო გასულ კვირაში, აღნიშნა მინისტრმა.
„უფრო მძიმე შეთანხმებებიც შეიძლება იყოს, რათა გამოიწვიონ საბოტაჟი და იმპორტი საერთოდ არ განახორციელონ“, – განაცხადა აზარაშვილმა და აღნიშნა, რომ ჰოლდინგებს ასევე შეუძლიათ სხვა, შედარებით მცირე აფთიაქებსაც უკარნახონ თავიანთი პირობები, რადგან ქვეყანაში ამ სფეროში კონკურენცია არ არის.
გასულ კვირაში ფარმაცევტული კომპანიების ქმედებებმა აჩვენა, რომ სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის – მარტივი შეთანხმებით შეიძლება ნებისმიერ მედიკამენტზე ნებისმიერი ფასი დაწესდეს, მიაჩნია მინისტრს.
ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და მაქსიმუმ მომდევნო წლის ბოლომდე ყველა ცვლილება, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული, მთლიანად იქნება რეალიზებული.
კონკურენციის სააგენტო: წამლების გაძვირების საკითხი ამოწურულია>>>
გასულ კვირაში თურქეთიდან იმპორტირებულ გარკვეულ წამლებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამას ფარმაცევტული კომპანიების შეთანხმებული ქმედება უწოდეს. უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ იგი გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე ჰოლდინგი დომინირებს.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ფლობს ქვეყნის ბაზრის 90%-ზე მეტს და, შესაბამისად, მათ აქვთ შესაძლებლობა დააწესონ ნებისმიერი ფასი, შემოიღონ ნებისმიერი შეზღუდვა და კონკრეტული პროდუქტის დეფიციტიც კი გამოიწვიონ.
ჯანდაცვის მინისტრი პირობას დებს – ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული რეფორმა და ცვლილებების წყალობით დაასრულოს ბაზარზე რამდენიმე კომპანიას შორის შეთქმულება, რათა მათ ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა მეტად ვეღარ შეძლონ.
მედიკამენტებზე ფასების საკითხი
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წელს კი 15 თებერვლიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ ქვეყანაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.