თბილისი, 2 მარტი – Sputnik. 2023 წლის თებერვალში, 2023 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,3% შეადგინა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
იანვრის თვეში დეფლაციამ 0,8% შეადგინა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ეს უკვე მეორედ ფიქსირდება დეფლაცია – 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფასები 0,3%-ით შემცირდა.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის თებერვალი 2022 წლის თებერვალთან შედარებით) 8,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
წელიწადზე გადაანგარიშებით თებერვალში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (14,8%) და კომუნალურ მომსახურებაზე (12,4%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 7,6%-ით. სურსათზე ფასები წლიური 14%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსები ინფლაციის დონის შემცირებას ვარაუდობენ
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მკვლევარები მსოფლიო ფასების შემცირებისა და ლარის კურსის გამყარების გამო სურსათზე ფასების ზრდის შენელებას ელოდებიან.
„ჩვენი მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების და ლარის გამყარების კვალდაკვალ საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენელდება“, – აღნიშნავენ მკვლევარები.
მათი მონაცემებით, ფასების ზრდა სურსათზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ინფლაციაზე.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის ფასები ორნიშნა ტემპით 2021 წლის ივლისიდან იზრდება. ამასთან, იგივე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა მეზობელ სომხეთშიც, თუმცა ფასების ზრდის ტემპი იქ უფრო ნაკლები იყო და სახეზეა მნიშვნელოვანი შენელებაც“, – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან ერთად Galt & Taggart აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის პიკური პერიოდი საქართველოში უკვე დასრულდა და შეიძლება პროგნოზირება, რომ ფასები დაიკლებს, რასაც ხელს შეუწყობს ასევე მთავრობის ინიციატივა კანონის მიღების თაობაზე მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობების დარეგულირების შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას დაავალა გამოერკვიათ, რატომ აღწევს კვების, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს და ხანდახან 100%-საც, და შესაბამისი ზომების მიღება.
ამისთვის მთავრობამ დაიწყო მუშაობა ახალი კანონის პროექტზე. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბიზნესთან მუშაობამ შედეგები მოიტანა – აქციის ფარგლებში ქსელურ მაღაზიებში ფასები პროდუქტებზე შემცირდა.