კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მარეგულირებლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გახდება.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ხუთშაბათს მარეგულირებლის ხელმძღვანელის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
მოქმედი კანონმდებლობით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მის მოვალეობებს ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. უკვე ცნობილია, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გახდება.
გვენეტაძე ეროვნული ბანკის თანამშრომლებს დაემშვიდობა.
„დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩემი7-წლიანი პრეზიდენტობის ბოლო დღეა. მადლობა ყველას, ვისთანაც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ვთანამშრომლობდი. განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალთა გუნდს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის! აბა, წარმატებები ყველას!“ - დაწერა გვენეტაძემ.
არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში 2009 წელს აირჩიეს. ეროვნულ ბანკში 2005 წლიდან მუშაობს. 26 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობებს ასრულებდა.