გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ წევრი თამაზ სეფერთელაძე

საქართველოს პრემიერმა მომღერლის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქართველი მომღერალი, „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არტისტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„განსაკუთრებული ნიჭისა და მრავალხმიანი სიმღერის დიდი სიყვარულის წყალობით თამაზ სეფერთელაძემ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ სამუსიკო კულტურაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – დაწერა ღარიბაშვილმა.

თამაზ სეფერთელაძემ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის დროს მალხაზ თავართქილაძესთან და დავით აბესაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ანსამბლი „ცისფერი ტრიო“.
სწავლის დასრულების შემდეგ, 1972 წლიდან თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა სამშენებლო სფეროში.
სეფერთელაძე 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 1996-2006 წლებში – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.
თამაზ სეფერთელაძეს, ტრიოს სხვა წევრების მსგავსად, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
„ცისფერი ტრიო“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანსამბლი იყო საბჭოთა პერიოდში. ტრიოს ლირიკული სიმღერები ქართული ესტრადის კლასიკა გახდა. მუსიკოსები გასტროლებზე იმყოფებოდნენ 58 ქვეყანაში.
მუსიკოსები 2022 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო 2009 წელს ფილარმონიასთან ტრიოს ვარსკვლავი გაიხსნა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს