მსოფლიო დღეს

არაეფექტურია: ილჰამ ალიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება მოითხოვა

Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს უკვე არაეფექტურია და საჭიროებს ცვლილებებს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა ახლა „დრამატულ ცვლილებებს“ განიცდის.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მრავალი წელია განიხილება მსოფლიოში, არის გაეროს სისტემის რეფორმა. გაეროს უშიშროების საბჭო წარსულს მოგვაგონებს და არ ასახავს არსებულ რეალობას. უშიშროების საბჭოს შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს, რათა ის მეტად წარმომადგენლობითი და გეოგრაფიულად სამართლიანი გახდეს“, — აღნიშნა ალიევმა.

გაეროს მექანიზმების არაეფექტურობის მაგალითად მან სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოიყვანა.
„მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს ზოგიერთი რეზოლუცია რამდენიმე დღეში განხორციელდა, აზერბაიჯანის შემთხვევაში სომხეთი თითქმის 30 წლის განმავლობაში უგულებელყოფდა გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხ რეზოლუციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტები მკაფიოდ მოითხოვდა სომხური შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან“, — განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქომ აღნიშნული რეზოლუციების შესრულებას თავისით მიაღწია, როდესაც 2020 წელს ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა. მისი აზრით, „ეს ალბათ მსოფლიოში პირველი მსგავსი შემთხვევაა გაეროს შექმნის შემდეგ“.