თბილისი, 1 მარტი — Sputnik. კახეთის პოლიციამ ლაგოდეხში ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა, საიდანაც სხვადასხვა ნივთები და ფული მოიპარა.
32 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, სამართალდამცველებმა „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო - შსს