გორში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი „ცხელ კვალზე“ დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა გორში გუშინ მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მიღებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი, 33 წლის მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, 27 წლის მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ავტოხელოსანი, რომლისგანაც უფასო მომსახურების მიღებას, კერძოდ, მანქანის შეღებვას ითხოვდნენ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ხელოსანმა კი პასუხად ამჯერად მათ ცეცხლი გაუხსნა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს