თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ირანს იმაზე 18-ჯერ მეტად გამდიდრებული ურანი აქვს, ვიდრე ეს ბირთვული შეთანხმებითაა გათვალისწინებული, იუწყება AFP ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშზე დაყრდნობით.
IAEA-ს ცნობით, ირანის გამდიდრებული ურანის მთლიანი რაოდენობა ამ დროისათვის 3,76 ტონას შეადგენს, ნაცვლად მაქსიმალურად დასაშვები 202,8 კილოგრამისა.
გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა ირანის ბირთვულ ობიექტზე ასევე აღმოაჩინეს ურანის ნაწილაკები, რომლებიც რეკორდულ 83,7 პროცენტამდე იყო გამდიდრებული. ეს თითქმის საკმარისია ბირთვული ბომბის შესაქმნელად, რომელსაც 90%-მდე გამდიდრებული ურანი ესაჭიროება.
როგორც IAEA-ს ანგარიშშია აღნიშნული, ატომური ენერგიის სააგენტო და ირანი ჯერ კიდევ განიხილავენ, საიდან გაჩნდა ეს ნაწილაკები. თეირანი აცხადებს, რომ ურანი 60%-ზე მეტად არ გაუმდიდრებია, თუმცა IAEA-მ მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულა თეირანი ურანის გამდიდრების დაჩქარებაში.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა არ გამორიცხავს სამხედრო მოქმედებების დაწყებას, რათა ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ხელი შეუშალოს.