თბილისი, 1 მარტი — Sputnik. რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2023 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,4% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2022 წლის დეკემბერში მშპ-ის რეალური ზრდა, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11% იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში, პროფესიულ, სამეცნიერო-ტექნიკურ საქმიანობასა და ენერგეტიკაში.