საწვავს იპარავდნენ: დაკავებულთა შორის პოლიციელებიც არიან

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით რვა პირი, მათ შორის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ. ამისთვის ისინი სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბს – ე.წ. პომპას იყენებდნენ.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით 1,5 ტონა საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 20-ლიტრიან 87 ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.