თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. ევროპამ საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელის დაფარებით ქვეყანა იმ წითელ ხაზამდე მიიყვანა, სადაც არეულობები შეიძლება დაწყებულიყო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა იუსტიციის მინისტრს გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დემარში გადასცეს, რომლებიც შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ჰერჩინსკის თქმით, ამ დემარშს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.
2018 წლიდან, მას შემდეგ რაც მესამე ინსტანციამ სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა, ექს-პრეზიდენტი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში, მათ შორის ბრიუსელის დერეფნებში, აღნიშნა სპიკერმა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ დამნაშავისთვის ხელის დაფარება ახალისებს მას, რათა არიოს საქართველოში სიტუაცია. გვახსოვს, რომ იმ პერიოდში, ვიდრე შემოიპარებოდა საქართველოში, ოთხი-ხუთი წელი თავისუფლად გადაადგილდებოდა, თავისუფლად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, ხელს ართმევდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი პირდაპირ მართავდა ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქე და მათ შორის მაღალჩინოსანი, აღნიშნა მან.
„ყოველ ჯერზე, ჩვენ ამაზე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს არის საქართველოს ხალხის წინააღმდეგ, როდესაც დამნაშავე შეფარებულია, მათ შორის ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, და არ ხდება მისი გადმოცემა საქართველოსთვის. რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით, ეს ახდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ეს ადამიანი შემოიპარა საქართველოში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, ამ შენობაში დღეს რა იქნებოდა, ქუჩაში რა იქნებოდა, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში, აღნიშნა მან.
„ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა. სამწუხაროდ, ევროპამ დამნაშავის შეფარებით ჩვენ მიგვიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, სადაც შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.