რატომ იბრძვიან სააკაშვილის მფარველები მის გასათავისუფლებლად? „ხალხის ძალის“ ვერსიები

დეპუტატები ვარაუდობენ, რომ სააკაშვილის მფარველები მისი სამხედრო დანაშაულების დამალვას ცდილობენ.
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ზრუნვა უცხოელი მფარველების მხრიდან სერიოზულ კითხვებს ბადებს, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ამასთან პარტია, რომელსაც ბევრ რამეში მხარს უჭერენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. ამავე დროს, დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, ექს-პრეზიდენტის უცხოელმა მფარველებმა სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია ფართოდ გაშალეს, ევროპარლამენტი დაარწმუნეს, მიეღო სამი რეზოლუცია ამ მოთხოვნით, კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო მასმედია.

„ვერავინ ამბობს, რომ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებენ. „ქართული ოცნებისგან“ ისიც ვიცით, რომ ამ მოთხოვნით სააკაშვილის პატრონები სახელისუფლო კაბინეტებსაც ხშირად სტუმრობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორების აზრით, ერთ-ერთი ვერსიით, ამერიკელებს სააკაშვილის გათავისუფლება ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ. თუმცა ფაქტია, რომ სააკაშვილის იმიჯი დღეს უფრო დაზარალებულია, ვიდრე პატიმრობამდე.
„არ გვგონია, ამერიკელები იმ დონეზე ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლების გადატრიალების და ქვეყნის ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ“, – აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
ამიტომ უფრო ლოგიკურია მეორე ვერსია, რომლის თანახმად, სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი 2008 წლის სამხედრო დანაშაულების დამალვაა.
„როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ, ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ცდილობენ ისინი ასეთი გამალებით სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც უფრო დიდხანს გრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით უფრო აქტუალური ხდება კითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
„ხალხის ძალა": ევროკავშირი სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედებს>>
ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
სააკაშვილის საქმე
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გახსნა>>
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს