თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. აშშ-ში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მორიგი წარმატება მოიპოვა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
Invictus Games – საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. ასპარეზობები ბრიტანეთის პრინც ჰარის ინიციატივით 2014 წლიდან იმართება.
ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო თამაშებმა სტარტი 24 თებერვალს აიღო და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
უწყების ცნობით, მჯდომარე ფრენბურთის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები აშშ-ის საჰაერო ძალების გუნდს დაუპირისპირდა, გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს გუნდის ანგარიშზეა ბრინჯაოს მედალიც – დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, უმცროსმა სერჟანტმა იაგო კაკულიამ ძალოსნობაში 73 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.
სამხედრო მოსამსახურეები სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში ასპარეზობენ.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად ასპარეზობენ, სადაც მათ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები უწევენ მეტოქეობას.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.