ჯინსების თაობიდან ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტამდე – 60 ევროთი დაწყებული ახალი ცხოვრება

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ამერიკაში მცხოვრები გიორგი კოპალიანის ამბავს მოგითხრობთ.
Sputnik
ამ ქვეყანაში სწავლაზე ჯერ კიდევ მაშინ ოცნებობდა, როცა მის სკოლაში „ჯინსების თაობა“ დაიდგა და მას მთავარი როლის შესრულება ანდეს...
ფოთის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ საუკეთესო კურსდამთავრებულის დიპლომი გადაეცა. ორი წელი იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც უცხოეთში დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი გამოცდილება მიიღო. ამის შემდეგ ოცნება აისრულა და 99%-იანი დაფინანსებით მაიამის მარკონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Marconi Miami international university) სტუდენტი გახდა. ამბობს, რომ საამისოდ მხოლოდ საკონსულოს მომსახურების 60 ევროს გადახდა დასჭირდა... დღეს გიორგი მაიამის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგზის სტიპენდიანტია.
გიო კოპალიანი გერმანიაში ყოფნის დროს
- გიორგი, საიდან დაიწყო შენი წარმატებების ათვლა?
- დავამთავრე ქალაქ ფოთის მერვე საჯარო სკოლა, რომლის დახმარებითაც საკუთარი თავის რეალიზაცია შევძელი. სკოლამ საკუთარი თავის რწმენა მომცა. ჩემს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი თითოეულმა პედაგოგმა დატოვა, რადგან ისინი ნებისმიერ დროს მზად იყვნენ დახმარების ხელი გამოეწვდინათ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექტორს, ბატონ ირაკლი ლაბარტყავას. სწავლის დასრულების შემდეგ სკოლამ და ქალაქის მერიამ საუკეთესო კურსდამთავრებულის დიპლომი გადმომცეს.
გიო კოპალიანი
- ამერიკა არ იყო პირველი უცხო ქვეყანა, სადაც იცხოვრე...
- დიახ, მანამდე იყო გერმანია, სადაც ჩემი ცხოვრების ორი დაუვიწყარი წელი გავატარე. გერმანიაში ვიმყოფებოდი ოპერ-პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობდა ბავშვებთან მუშაობას და გერმანული ენის სწავლას. საქართველოში სწავლის გაგრძელება ვერ მოვახერხე. მიზნად დავისახე, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში მესწავლა. მაიამიში არსებულ მარკონის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლისთვის 100%-იანი დაფინანსება მივიღე. აქედან 50%-ს თავად უნივერსიტეტი აფინანსებს, ხოლო 50% მივიღე კერძო კომპანიისგან, რომელიც წარმატებულ სტუდენტებს აფინანსებს. დღეს ვსწავლობ ბაკალავრიატზე ბიზნესის განხრით. აქამდე მოსასვლელი გზა ძალიან დიდი და რთული იყო, თუმცა როცა რაიმე მთელი გულით გსურს, ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეგაჩერებს და შედეგსაც მიაღწევ, თანაც, საამაყო შედეგს.
გიო კოპალიანი
- ოცი წლის ასაკში ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა?
- გერმანიიდან ამერიკის მიმართულებით აფრენილმა ერთმა ჩვეულებრივმა რეისმა ჩემი ცხოვრება შეცვალა! თავიდან იყო ძალიან დიდი შიში, რადგან 20 წლის ასაკში მარტო, სრულიად უცხო ქვეყანაში მივდიოდი. წარუშლელია ის ემოცია, რომელიც მაშინ დამეუფლა, როდესაც ჩვენი თვითმფრინავი ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა...
გიო კოპალიანი საქართველოში
- რითია გამორჩეული ამერიკაში სწავლა?
- ამერიკაში სტუდენტად ყოფნის ყოველი დღე განსაკუთრებული, გამორჩეული და დაუვიწყარია. ყოველდღე გეუფლება ისეთი შეგრძნება, რომ ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია. აქ მხოლოდ ლექციებს არ გვიტარებენ, უნივერსიტეტი გვამზადებს იმ ცხოვრებისთვის, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ გველოდება. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯის მერე ვხვდებოდი, რომ გაჩერების უფლება არ მქონდა.
გიო კოპალიანი
- ვიცი, რომ სკოლაში დადგით სპექტაკლი „ჯინსების თაობა“, სადაც მთავარ როლს თამაშობდი...
- ეგ სპექტაკლი ქალაქის მერიის მხარდაჭერით დაიდგა და მასში გეგა კობახიძის როლს ვასრულებდი. სპექტაკლში კარგადაა გადმოცემული იმ ბიჭების გრძნობები, ის, თუ როგორ ოცნებობდნენ ისინი ამ ქვეყანაში ჩამოსვლაზე. დღეს, როცა აქ ვარ, მთელი გულით და სულით ვგრძნობ იმ შესაძლებლობებს და თავისუფლებას, რომელსაც ეს ქვეყანა გვაძლევს.
სცენა სპექტაკლიდან „ჯინსების თაობა“
- ამერიკიდან ეს სპექტაკლი განსხვავებულად ხომ არ აღიქვი?
- მართალი ხართ, ძალიან დიდი ემოციები დამეუფლა, როცა ამერიკაში ჩამოვედი და სპექტაკლს აქედან ვუყურე. აქედან ეს სპექტაკლი დღეს უკვე სხვაგვარად აღვიქვი. იცით, რას ვფიქრობ? ჩემს თანატოლებს ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ ეპოქაში დავიბადეთ. დღეს ჩვენზე უფროსი თაობის ხალხმაც აისრულა თავისი ადრინდელი ოცნება და აქ ჩამოვიდნენ. დღეს ამერიკაში ჩამოსასვლელად არ არის საჭირო თვითმფრინავის გატაცება, მთავარია, სწორად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც თითოეული ჩვენგანის ხელშია.
გიო კოპალიანი სკოლაში
- რა რჩევას მისცემდი ქართველ თანატოლებს, ვისაც უცხოეთში სწავლის დასაწყებად თანხა არ გააჩნია?
- მერწმუნეთ, ფინანსები მეასეხარისხოვანია მაშინ, როცა მიზანი გამოძრავებს! შეერთებულ შტატებში სწავლის დასაწყებად მხოლოდ 60 ევროს გადახდა მომიწია, ეს საკონსულოს მომსახურების თანხა იყო. ქართველ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ თუ რამე მთელი გულით სურთ და ამაზე ძალიან ბევრს მუშაობენ, აუცილებლად აქცევენ ოცნებას რეალობად. სულ წინ იარეთ და არასდროს გაჩერდეთ! არ გაჩერდეთ არც მაშინ, როცა თქვენს გეგმებსა და ოცნებებზე გაიცინებენ. დღევანდელი სამყარო უსაზღვროდ დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს, ამიტომ არცერთი წუთი არ დაკარგოთ!..