ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 ივნისში გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფორუმი ღვინის ექსპორტის შესახებ, სადაც მწარმოებლები იმპორტიორებთან გაცნობას შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 თბილისის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 2–4 ივნისს ჩატარდება.
WinExpo Georgia — საქართველოში ყველაზე მასშტაბური და ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დამზადებისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტი.
WinExpo Georgia 2023–ში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის აგენტები, ტრეიდერები, სასტუმროებისა და რესტორნების, მსხვილი და საშუალო ქსელების, ასევე საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლები.
ღვინის ყველა მოყვარულს ექნება შესაძლებლობა დააგემოვნოს ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ღვინის ფორუმი, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად.
WINEXPO GEORGIA-ს ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე კომპანია და რამდენიმე ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
ღონისძიების ორგანიზატორების სიტყვებით, WinExpo-მ შეძლო საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცება როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს