გაერო „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს

აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში, ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ითვალისწინებს საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას. ასეთი შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები – არასამთავრობო ორგანიზაცია ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%–ის წყარო „უცხოური ძალაა“.
„გაერო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ.
სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ, შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის შშმ პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირმა „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა>>>
გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის განვითარებას ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას”, - აღნიშნულია განცხადებაში.
სკანდალი კანონპროექტთან დაკავშირებით
პროექტი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული პოლიტიკური ძალა, რომელიც ანტიდასავლური პოზიციებითაა ცნობილი, დააფუძნეს დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია 2022 წლის აგვისტოში დატოვეს.
აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც „რუსული კანონით“ არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
ვის უწოდებენ „უცხოურ აგენტს" - სკანდალური კანონპროექტის დეტალები>>>
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებაც გადაწყვიტა – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მოქმედებს ანალოგიური, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, და ამგვარი კანონის მიღება პარტიაში არასწორად მიაჩნიათ.