თავის დროზე, როცა მოსწავლე თავად იყო, საბჭოთა იდეოლოგიის მიერ დაწესებულ სკოლის ჩარჩოებს ხშირად არღვევდა. წლების შემდეგ კი იმავე სკოლის კარები როგორც მასწავლებელმა შეაღო და შემდეგ დირექტორიც გახდა. დღეს სკოლის ძველ, კეთილ ტრადიციებსაც აგრძელებს და ახალსაც ამკვიდრებს. რაც მთავარია, ყველაზე დიდი ჯილდო – ბავშვების სიყვარული დაიმსახურა...
- ქალბატონო დალი, თქვენი მოსწავლეობა საბჭოთა პერიოდს დაემთხვა, როგორ დაგამახსოვრდათ სკოლის წლები?
- საბჭოთა რეჟიმის მიუხედავად, ბედნიერი სკოლის წლები მქონდა. ძალიან სამართლიანი და გაბედული ვიყავი და საბჭოური სკოლის რეჟიმს მუდამ ღიად ვუპირისპირდებოდი, თანაკლასელების უფლებების დამცველი ვიყავი. თუმცა, თავად „მოსწავლეთა ქცევის წესებს" ხშირად ვარღვევდი. ხუთოსანი ვიყავი, რაც ბევრს მავალებდა, მაგრამ შატალოზე კლასთან ერთად ხშირად მივდიოდი და გართობაზე უარსაც არ ვამბობდი. სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი ხშირად მახსენებდნენ, რომ მე სხვაზე მეტი მმართებდა, მაგრამ საბჭოთა სკოლის ჩარჩოებს მაინც ვარღვევდი, რის გამოც დედა ხშირად მინახავს დირექტორის კაბინეტში თვალცრემლიანი. ყველა მასწავლებელი საკუთარ კვალს ტოვებს მოზარდის ცნობიერებაში. მეც მყავდა ბევრი კარგი პედაგოგი, თუმცა პროფესიული არჩევანი ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგმა ლია კაიშაურმა განმიმტკიცა. მაგრამ ეს არჩევანი უკვე დაწყებით კლასებში ყოფნისას გავაკეთე.
- როცა სკოლის კარები როგორც მასწავლებელმა შეაღეთ, ყველაზე მეტად რის გეშინოდათ?
- როცა სკოლის კარები შევაღე, არაფრის შიში არ მქონდა, რადგან მივუბრუნდი სკოლას, სადაც მშობლიური გარემო დამხვდა. თუმცა, როცა სამასწავლებლოს კარი მოწიწებით შევაღე, ნაბიჯი მაინც ვერ გადავდგი. იქ უცხო პედაგოგებს შორის ჩემი ყოფილი პედაგოგებიც დამხვდნენ და მათი მომერიდა. ეს მაშინვე შენიშნა ჩემი ისტორიის უსაყვარლესმა პედაგოგმა როდამ ჩლაჩიძემ და როგორც კოლეგა-მასწავლებელი, თბილად მიმიღო...
- თქვენი პირველი გაკვეთილი როგორ გახსენდებათ?
- ჩემი პირველი გაკვეთილი მესამე კლასში ჩავატარე. მახსოვს, ნოემბრის ცივი დღე იყო. კლასში რომ შევედი, 30 ულამაზესი ბავშვის თვალებში შიში დავინახე, რამაც ძალიან შემაკრთო. თურმე ჩემამდე მათი ორი მასწავლებელი სხვა სკოლებში გადასულა. როცა მოწყენის მიზეზი გამანდეს, გავამხნევე და დავპირდი, რომ სულ მათთან ვიქნებოდი. ამ კლასთან შევასხი ფრთები გივი ჭიჭინაძის საბავშვო პიესას ,,ციცქნა იას დღეობა". ეს იყო დაუვიწყარი საღამო, რომელიც მშობლების დახმარებით მაღალ დონეზე წარიმართა. მახსოვს, ერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა, ეს დიდ სცენაზე უნდა დაიდგასო. იას ვინც თამაშობდა, იმ ბავშვმა ნათლიად ამირჩია, მომდევნო წლებში – სხვებმაც...
- ტირძნისის სკოლაზე რას იტყვით, რომელია ტრადიციები, რომელსაც სკოლა დღემდე აგრძელებს?
- ტირძნისის სკოლა უდიდესი ტრადიციების მქონეა. ძალიან მომწონდა „დამეგობრებული სკოლების" ტრადიცია. მახსოვს, მეცხრე კლასში ვიყავი, როცა სკოლის დელეგაცია ყირიმში დამეგობრებულ სკოლას ეწვია. მერე ისინი ჩამოვიდნენ ჩვენთან და ეს სამაგალითო მეგობრობა იყო, რაც არასოდეს დამავიწყდება. ყირიმში, ბელოგორკის რაიონის სოფელ სენნოეს მისადგომებთან გმირულად დაეცა ტირძნისის სკოლის აღზრდილი, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ილია ზერეკიძე, რომელიც იქვეა დაკრძალული. ჩემი დიდი სურვილია, რომ მშობლიურ სკოლას მისი სახელი მიენიჭოს. გასულ წელს გორის საგანმანათლებლო რესურ-ცენტრის მხარდაჭერით სკოლის გარდაცვლილ, ღირსეულ და წარმატებულ პედაგოგს ლია კაიშაურს ვარსკვლავი გავუხსენით. ვფიქრობ, კარგი წამოწყებაა.
- საბჭოთა პერიოდში დირექტორის დანახვაზე კედელთან დგებოდნენ მოსწავლეები...
- ჩემი მოსწავლეობის დროს სკოლას ორი დირექტორი შეეცვალა. პირველი დინჯი, სერიოზული, ტაქტიანი იყო, მეორე – რადიკალურად განსხვავებული. თუმცა, არც ერთის დანახვაზე კედელს არ გავკრულვართ. პირიქით, რაც მეტი იყო ზეწოლა, მოსწავლეთა ქცევის წესებს უფრო მეტად ვარღვევდით და სულაც არ ვფიქრობდით დასჯაზე, რომელიც გველოდა. ჩემში ღრმადაა გამჯდარი აზრი, რომ რაც არ მომწონს, ის არც სხვას გავუკეთო.
- ამბობენ, როცა მასწავლებელი ხდები, მოსწავლეები გასწავლიანო...
- მართალია, როცა მასწავლებელი ხდები, შენი მოსწავლეები გასწავლიან და ამ აზრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან მათთან ერთად მეც გავიზარდე და მოსწავლეებისგან ბევრი ვისწავლე. დირექტორის თანამდებობის გამო, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, მხოლოდ მე-12 კლასში შევდიოდი. მათთან ორი საჩვენებელი გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა, რაც სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რადგან, მოგეხსენებათ, მე-12 კლასში, დაბალი დასწრების გამო, საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება შედარებით რთულია. წინა დღეს შევეხმიანე მათ და ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ. ამის მერე დასწრება, რასაკვირველია, მაღალი იყო. გაკვეთილის თემა - მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნების" პრობლემატიკა. მახსოვს, ეს თემა გაკვეთილის ჩარჩოებში ვერ ჩაჯდა, რადგან დრო არ გვეყო...
- დარწმუნებული ვარ, თქვენი სკოლის ბავშვებს უყვართ თავისი მასწავლებელი და დირექტორი...
- იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ სკოლის დერეფანში ბავშვების სიყვარულით სავსე დავდივარ და მათგანაც იგივეს ვიღებ. ვცდილობ, რომ ისინი მეგობრული და „შერჩეული" ტონით დავარწმუნო ხოლმე არასწორ ქცევაში. დარწმუნებული ვარ შედეგში და იშვიათად შევმცდარვარ. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან პროექტებს ხშირად ვახორციელებ. მათგან ისეთ ლიტერატურულ პროექტს გამოვარჩევ, როგორიცაა ორი ემიგრანტი პოეტის კრებულის პრეზენტაცია, რომლებიც ყველასთვის დაუვიწყარია. უფროსკლასელებთან ვმეგობრობ და ისე მინდა, რომ მათი სილამაზე პირბადეების გარეშე ვიხილო – მათი ჩახუტება მომენატრა...