წამლების გარეშე: მეცნიერებმა ღრმა დეპრესიასთან ბრძოლის მარტივ და ხელმისაწვდომ გზას მიაგნეს

Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არსებობს მარტივი და აუცილებელი გზა — ცხელი აბაზანა კვირაში ორჯერ, ნათქვამია ჟურნალ BioRxiv-ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში.
ფრაიბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები ამ დასკვნამდე კვლევის შემდეგ მივიდნენ, რომელშიც ზომიერი და ღრმა დეპრესიით დაავადებული 45 პაციენტი მონაწილეობდა. მათი საშუალო ასაკი 48 წელი იყო.
მონაწილეები ორ ჯგუფად გაყვეს. პირველი ჯგუფის წევრები კვირაში ორჯერ, შუადღით, ერთსაათიან ცხელ აბაზანას იღებდნენ, რა დროსაც წყლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევდა; მეორე ჯგუფი კი კვირაში ორ დღეს 40-45 წუთით ვარჯიშობდა ფიტნესის დარბაზში — ზომიერი რეჟიმით.

კვლევა რვა კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ექსპერიმენტის დაწყებიდან უკვე ორი კვირის შემდეგ პირველი ჯგუფის წევრებს ფსიქიკური მდგომარეობა შესამჩნევად გაუუმჯობესდათ.

დადგინდა, რომ ცხელი აბაზანები ფიზიკურ ვარჯიშზე ორჯერ ეფექტური იყო. მით უმეტეს, რომ ფიტნესის ჯგუფს რამდენიმე მონაწილე, ფიზიკური დატვირთვის გამო, ექსპერიმენტის დასრულებამდე გამოაკლდა.
გაირკვა, რომ დღისით ცხელი აბაზანის მიღებისას სხეულის ტემპერატურის აწევა ხელს უწყობს ნორმალური სადღეღამისო ტემპერატურული რიტმის აღდგენას, რომელიც პაციენტებს სწორედ დეპრესიის გამო უქვეითდებათ.
მეცნიერების თქმით, ეს აბსოლუტურად უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მეთოდი ეფექტს პროცედურების დაწყებიდან ორ კვირაში იძლევა ღრმა დეპრესიის შემთხვევაშიც კი.
წყარო: BioRxiv