„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ქვეყანა ჩემი ნაწილია“ – ასე აღიქვამს სამშობლოს ოკეანის მიღმა ქართველი თინეიჯერი... 12 წლის იყო, როცა ამერიკაში დედასთან ჩავიდა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ამ ხნის მანძილზე ბევრს მიაღწია. დღეს 17 წლისაა, სწავლობს ამერიკულ სკოლაში Edward Morrow Specialized High School, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვისაა გახსნილი. იქ გაძლიერებული მეთოდით ასწავლიან სხვადასხვა პროგრამებს. ანამ სწავლა მუსიკისა და მეცნიერების მიმართულებით აირჩია. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკულ კოლეჯში ნევროფიზიოლოგიის განხრით აპირებს სწავლის გაგრძელებას.
სამ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ჯერ კიდევ საქართველოში შეისწავლა, ამერიკაში კი საშემსრულებლო ტექნიკა დახვეწა. აპრილის თვეში მუსიკალური გუნდი, რომლის ლიდერი და სოლისტია, „კარნეგი-ჰოლში“ გამოსვლას გეგმავს. წერს მოთხრობებსაც, მისი წიგნი „მეგობრობის დასაწყისი" შეგიძლიათ „ამაზონზე“ იხილოთ.
- ანა, როცა ამერიკაში ჩახვედი, 12 წლის იყავი, თუ გახსოვს, რა ოცნებას უკავშირებდი მაშინ ამ ქვეყანას და თუ აისრულე ის?
- ამერიკაში ჩამოსვლა ჩემთვის საბოლოოდ წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. მახსოვს, რომ აეროპორტში აცრემლებული თვალები ალბათ მხოლოდ მომავლის შესაძლებლობების ფიქრით გავაშრე. როცა 12 წლის ვიყავი, მხოლოდ ცოდნის ტექნიკურ გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ამერიკაში ჩამოსვლამ უკეთესი შედეგი გამოიღო. დაუჯერებლად დავუახლოვდი დედას, რომელიც შვიდი წელი უმეტესად სკაიპით მეკონტაქტებოდა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა ყველასთვის მონატრებული პატარა გოგონა სიყვარულით ამავსეს. ახლა 17 წლის ვარ და ჩემი ოჯახის ერთობის მთელი გულით მჯერა. თანაც, უკვე თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ოცნებები სრულდება...
- ფორტეპიანოზე, სალამურსა და ფანდურზე დაკვრა საქართველოში შეისწავლე, ამერიკაში სად დახვეწე საშემსრულებლო ტექნიკა?
- წარმოუდგენლად გამიმართლა იმაში, რომ ქართული მუსიკალური საკრავების შესწავლა რადიკალურად განსხვავებულ ქვეყანაშიც კი შემიძლია. ამერიკა მულტიკულტურული ქვეყანაა და აქ ყველა ეთნიკური ჯგუფი ცდილობს არ მოწყდეს საკუთარ ფესვებს. სალამური და ფანდურიც პირველად ზუგდიდის სამუსიკო სკოლაში გამაცნეს. თუმცა შესრულების ტექნიკა ამერიკაში, ბატონ ნიკო ნადირაშვილის დახმარებით დავხვეწე. მის მიერ შესრულებული უნიკალური ნომრები ამერიკელებს დღემდე აოცებს. ასევე არასდროს დამავიწყდება ჩემი მასწავლებლები - ნინო ღარიბაშვილი და თენგო შაუთიძე, რომლებმაც ქართული და კლასიკური სიმღერების შესრულების ტექნიკა შემასწავლეს. ნინო ღარიბაშვილთან ფორტეპიანოს მოკლე კურსიც გავიარე. მათი დახმარებით ამ ქვეყნის დარბაზებში „მრავალჟამიერი", „ვა გიორქო მა" და სხვა ქართული სიმღერები ყოველთვის გაჟღერდება...
- არაერთი ქართული კონკურსის გამარჯვებული ხარ, ამერიკაში სად მიაღწიე წარმატებას?
- დიახ, საქართველოში უკვე მქონდა სხვადასხვა კონცერტებში, ფესტივალებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება. მახსოვს, მუსიკოს ვალერიან შიუკაშვილის კონკურსზე როგორ მივიღე ლაურეატის წოდება. მსგავს კონკურსებს ამერიკაში წარმატებული ქართველი მუსიკოსებიც მართავენ. გამორჩეულმა მუსიკოსმა მერაბ ებრალიძემ დააარსა ფესტივალი Make Way for New Generation, სადაც ძირითადად ახალგაზრდა შემსრულებლები გამოდიან. ფესტივალზე ლაურეატის წოდება მომენიჭა. ასევე გამოვარჩევ კონკურსს Pearl of New York – „ნიუ-იორკის მარგალიტს“, სადაც კლასიკური ჯაზის შემსრულებელთა შორის პირველი ადგილი ავიღე. ასევე მნიშვნელოვანი იყო ინტერნაციონალურ კონკურსზე დამსახურებული Shining Star-ის ტიტულიც.
- აპრილის თვეში „კარნეგი-ჰოლში“ უნდა გამოხვიდე...
- ამ კითხვამ ძალიან გამახარა, სული მიმდის, ისე მინდა იქ გამოსვლა. ჩვენს სკოლას ჰყავს გუნდი, რომელიც საკმაოდ ცნობილია. მე ამ გუნდის სოლისტი და ლიდერი ვარ (leadership holder) „კარნეგი-ჰოლში“ აპრილში სწორედ ეს გუნდი იმღერებს. ამ საოცნებო დღეს ულამაზესი სიმღერის პრემიერით გამოვალთ.
- რაზეა შენი წიგნი, რომლის ნახვა „ამაზონზე“ შეიძლება?
- ჩემი წიგნი „მეგობრობის დასაწყისი" - The Begging Of A Friendship გალექსილი ამბავია და ბევრ თემას ეხება. ძირითადი თემა - გულადობა და ეკოლოგიური პრობლემებია. წიგნი დაჩაგრული კიბორჩხალას ამბავს მოგვითხრობს. მასში რიტმული სტანზებით და ულამაზესი ილუსტრაციებითაა გადმოცემული გზა, რომლის გავლაც მას მოუწია, რათა საკუთარი თავისა და ნამდვილი მეგობრებისთვის მიეგნო. წიგნში ილუსტრაციებითაა გადმოცემული ის საშინელება, რომელიც ადამიანების მიერ ოკეანის დაბინძურებას მოჰყვება.
- რას ასწავლის ბავშვებს უმეგობრო კიბორჩხალას ამბავი?
- მინდა, რომ ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟების დახმარებით მათში ბუნების პატივისცემის და სიყვარულის გრძნობა გაჩნდეს. წიგნი აღწერს იმ ემოციებს, რასაც უმეგობრო კიბორჩხალა განიცდის. მინდა, რომ ბავშვებმა განსხვავებულ თანატოლებსა და „მარტოსულებთან” ერთად თამაში ისწავლონ, შიშის გადალახვა შეძლონ და საკუთარი თავის სიყვარული ისწავლონ. კიბორჩხალამ თავისი სიმამაცითა და გულწრფელობით იპოვა ნამდვილი მეგობარი, რომელიც მას ოცნების ასრულებაში დაეხმარა.
- რაც შეეხება მეგობრობასა და ურთიერთობებს, როგორ ფიქრობ, რით განსხვავდებიან ამერიკელი თინეიჯერები ქართველი თანატოლებისგან?
- უკვე ხუთი წელია აქ ვცხოვრობ და ამერიკელ თანატოლებთან ურთიერთობა ნამდვილად არ მიჭირს. თუმცა როცა მათ ქართველებს ვადარებ, გარკვეულ განსხვავებებს მაინც ვამჩნევ. ალბათ ყველაზე დიდი განსხვავება არის დრო, რომელსაც ურთიერთობების გასამყარებლად იყენებენ. აქ ფოკუსირება ინტენსიურ მეგობრობაზე ხდება - ასეთი ტიპის მეგობრობა შეიძლება სამ თვეში დამყარდეს და სამ თვეშივე დაინგრეს. ქართველები უფრო სტაბილური მეგობრები არიან. საქართველოში მეგობრობის დამყარების პროცესი ნელა მიმდინარეობს, სამაგიეროდ ჩვენთან ერთგულებას დიდხანს ინარჩუნებენ.
- სიამაყის გრძნობა ხშირად გიჩნდება იმის გამო, რომ ქართველი ხარ?
- ერთხელ მეგობართან ერთად პარკში ვიყავი და კონცერტისთვის ვემზადებოდი. ჩვენ გვერდით სამი ასაკოვანი ამერიკელი ქალი ჩამოჯდა და კითხვების დასმა დამიწყეს. სიამაყით ვუყვებოდი მათ ჩემს ქვეყანაზე, ქართულ კულტურაზე, ჩვენი მუსიკის ისტორიაზე. აი, მაშინ ვიგრძენი, რომ ამ ამბავმა ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა, ბედნიერება განვიცადე. მომავალში სადაც უნდა ვიყო, საბოლოოდ მაინც ქართველი ვიქნები. საქართველოში ყველა და ყველაფერი მენატრება. დღემდე მახსოვს ყველა მეგობარი, მეზობელი, მასწავლებელი, მდინარე, ხე... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ქვეყანა ჩემი ნაწილია...