„ბამანეს“ კაბებით დამშვენებული ქართველი მონაწილის წარმატება ალბანეთის სილამაზის კონკურსზე

დღევანდელი ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საკუთარ ოცნებაზე უარი არასოდეს უნდა თქვა.
Sputnik
ქეთი კვაჭანტირაძე სპეციალობით სამართალმცოდნეა, თუმცა სამკერვალო საქმისა და დიზაინერობის დაწყების ფარული სურვილი ყოველთვის ჰქონდა. ამ ოცნების გააქტიურება მოახერხა პანდემიის დროს, როცა „ბამანეს" სახელით საქმიანობა წამოიწყო. 2021 წელს კი სათავეში ჩაუდგა სოციალურ საწარმო ,,ბამანეს", რაც ევროკავშირის დახმარებით მოპოვებული გრანტით შეძლო. გაამართლა მისმა ბიზნეს-იდეამ – ტექსტილის ნარჩენებისგან შეკერილიყო საბავშვო საძილე ტომრები და დასაქმებულიყო 14-დან 29 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც არანაირ სოციალურ აქტივობაში არ იყო ჩართული. ამ გრანტის მეშვეობით მან შეძლო კარალეთში სპეციალურად ამ საწარმოსთვის გამოყოფილი ფართის გარემონტება, სამკერვალო მანქანა-დანადგარების შეძენა და ადგილობრივ მცხოვრები ქალების დასაქმება.
ქეთი კვაჭანტირაძე
- ქეთი, სამართალმცოდნეობის შესწავლა რატომ გადაწყვიტეთ, ეს ოჯახური ტრადიციაა თუ პროფესია თქვენი სიმართლისმოყვარე ბუნებისა და ხასიათის გამო აირჩიეთ?
- იურისტობა 17 წლის ასაკში გადავწყვიტე, რადგან ყველა მონაცემი მქონდა საიმისოდ, რომ სამართლის სფეროში ღირსეულად შევმდგარიყავი, ამ პროფესიით ვმუშაობდი კიდეც. თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ პროფესიული ზრდისა და სრულყოფილების მიზანი ნამდვილად აღარ შედიოდა ჩემს ინტერესებში, რადგან ეს საქმე ჩემს შინაგან მისწრაფებებს ვეღარ პასუხობდა. პროფესიული განათლებით რომ მემსახურა, ამას ოჯახის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გრძნობა მავალებდა.
პატარა მოდელი „ბამანეს“ საბავშვო ნაწარმით
- ამიტომ 27 წლის ასაკში სრულიად განსხვავებულ სფეროში გადაინაცვლეთ და ახალ ხელობას დაეუფლეთ...
- დიახ, თავიდან გადავწყვიტე სამკერვალო საქმე სულ უბრალო და ელემენტარული საჭიროებისთვის შემესწავლა. ამისათვის ჩავაბარე კოლეჯში „განთიადი". სიმართლე გითხრათ, დიდი ხელმარჯვეობით არ გამოვირჩეოდი, თუმცა შრომისმოყვარეობა არ მაკლდა და სიტუაციას არ ვნებდებოდი. კოლეჯის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩემი ხელები და გონება აღარ გაჩერებულა, მუდმივად ახალი სირთულეების დაძლევამ ისე გამიტაცა, რომ უკვე მომხმარებლებიც გავიჩინე. მათ ჩემთან ურთიერთობაც მოსწონდათ და, რაც მთავარია, ჩემი ნამუშევრებიც...
„ბამანეს“ სადღესასწაულო კაბა
- თავიდან რას სთავაზობდით მომხმარებელს და შემდეგ რომელი ნაწარმი შეემატა „ბამანეს“?
- გამოდის, რომ საკუთარ თავზე დავიწყე ცდების ჩატარება. ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევრებიც საკუთარ თავს მივუძღვენი. ვკერავდი ქალისა და ბავშვის ტანსაცმელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კლასიკური სამოსიც გავბედე. შემდეგ სადღესასწაულო კაბების კერვაც მოვსინჯე. მიხაროდა, რომ ჩემი სამოსით ადამიანებს სიხარულს ვანიჭებდი და მომხარებლებისგან ყურადღებაც არ დამკლებია. ჩვენთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ქორწილებში პატარძლების მომსახურება და დედოფლობის დღეს „ბამანეს“ კაბებით მათი დამშვენება.
„ბამანეს“ საქორწინო კაბა
- ვის ეკუთვნის „ბამანეს“ მიერ შექმნილი 500 კაბის დიზაინი?
- თავდაპირველად საკუთარი გამოცდილების დაგროვების მიზნით ვკერავდი ყველა სახის ტანსაცმელს, რასაც კი მთხოვდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში ისე მოხდა, რომ უფრო სადღესასწაულო–საღამოს კაბებზე გაიზარდა მოთხოვნა და ჩემი თავიც სწორედ აქ ვიპოვე. ყველა შეკვეთილი ნაწარმი საკუთარი დაუღალავი და რთული შრომის შედეგია. მაგრამ მიმაჩნია, რომ მომხმარებელთა სიყვარულიც ნამდვილად ღირდა ამ შრომად.
„ბამანეს“ საქორწინო კაბა
- როდის დაიწყო თქვენს საქმიანობაში გარდამტეხი პერიოდი, რომელმაც წარმატება მოგიტანათ?
- სამკერვალო საქმიანობაში გარდამტეხ ეტაპად მოდელ ანი სტეფანიშვილთან თანამშრომლობას გავიხსენებ. ჩვენ არაერთი კარგი ნამუშევარი გვაკავშირებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად იმ ფაქტს ჩავთვლი, როცა 2021 წლის სექტემბერში ანიმ ჩვენი ქვეყნის სახელით ალბანეთში გამართულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ჩვენი მის სილამაზე მაშინ სწორედ ,,ბამანეს" საფირმო კაბებით იმოსებოდა. უზომოდ დიდი სიხარული იყო, როცა ჩემი კაბები, მისი ულამაზესი მფლობელის დახმარებით, მაღალი დონის სხვადასხვა საღამოებზე დაშრიალებდა. სილამაზის იმ კონკურსში კი საქართველოს პირველი საპრიზო ადგილი ერგო! მოკლედ, ჩვენმა საამაყო გოგომ ძალიან გვასახელა.
პატარა მოდელი „ბამანეს“ საბავშვო ნაწარმით
- ბევრის მსგავსად, საქმიანობა თქვენც პანდემიის დროს წამოიწყეთ და სოციალურ საწარმოდ როდის გადაიქცა ის?
- დიახ, სწორედ პანდემიის დროს დაფუძნდა „ბამანე" და ამ სახელით უკვე 500-მდე კაბა მაქვს შექმნილი. 2021 წელს კი სათავეში ჩავუდექი სოციალურ საწარმოს „ბამანე", რაც ევროკავშირის დახმარებით მოპოვებული გრანტის მეშვეობით მოხერხდა. ჩემი ბიზნეს-იდეა – ტექსტილის ნარჩენებისგან შეკერილიყო საბავშვო საძილე ტომრები და ამ საქმეში ჩამერთო 14-დან 29 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც არანაირ სოციალურ აქტივობაში ჩართული არ არის, სექტემბერში გამარჯვებულად გამოცხადდა. მოგებული გრანტით ბევრი რამ მოვახერხეთ. ამ ეტაპზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს იმ ახალგაზრდების მიღება, ვისაც სამკერვალო საქმის სწავლა სურს.
პატარა მოდელი „ბამანეს“ საბავშვო ნაწარმით
- აქვე განვმარტოთ, „ბამანე“ – ასეთი სახელწოდება რატომ შეარჩიეთ?
- ეს სახელწოდება სამი სახელის აბრევიატურაა: ბა-ბარბარე – ჩემი პირველი გოგონას სახელია, მა-მარიამი ჩემი და გახლავთ. ეს საქმიანობა მისი დაჟინებული მოთხოვნით დავიწყე. მარცვალი ნე- კი ჩემი მეორე გოგოს ელენეს სახელიდანაა აღებული. ვთვლი, რომ სახელი „ბამანე" ჩემთვის დიდი სითბოს, სიყვარულისა და წარმატების მომტანია. ამიტომ ვცდილობ, ჩემს მომხმარებლებსაც სითბოთი და სიყვარულით მოვემსახურო.
მოდელი ანი სტეფანიშვილი „ბამანეს“ კაბით
- საინტერესო შემთხვევებიდან რას გაიხსენებთ?
- საინტერესო ფაქტად გავიხსენებ ერთ-ერთ საქორწილო კაბაზე მუშაობას, როცა სამკერვალოში წარმოუდგენლად დიდ დროს ვატარებდი. ყველა დეტალი ძალიან რთული დასამზადებელი იყო. პატარძლის კაბის კალთებზე ბისერული ნაქარგობის ხელით შესასრულებლად დამჭირდა სამკერვალოს ყველა წევრის S O S რეჟიმში მუშაობა. წარმოუდგენელი ენთუზიაზმითა და თავდადებით მედგნენ გვერდში ჩემი გოგონები, თავად პატარძალიც გვამხნევებდა, რადგან ხედავდა, როგორ არანორმალურ სამუშაოს ვასრულებდით. თუმცა შრომა ნამდვილად დაგვიფასდა – ჩვენს პატარძალთან ერთად სასწაული სილამაზე შეიქმნა და ამ კაბაზე მუშაობას კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს გავიხსენებთ...
მოდელი ანი სტეფანიშვილი „ბამანეში“ შექმნილი კაბით
- ამ ეტაპზე ძირითადად საბავშვო ნაწარმს უშვებთ?
- დიახ, ამჟამად „ბამანე" საბავშვო საძილე ტომრებსა და აქსესუარებს აწარმოებს. ასევე სადღესასწაულო კაბების მიმართულებაც გვაქვს, მათ შორის საქორწილო კაბების. პანდემიის დროსაც გვყავდნენ პატარძლები, რომლებსაც კაბა ერთ თვეში და ისეთ დღეებში შევუკერეთ, როცა მაღაზიებიც კი მხოლოდ ორი დღით გაიხსნა. სამუშაო არც კომენდანტის საათის დროს გვაკლდა, ადამიანების უმრავლესობა დაბნეულობასა და გაურკვევლობაში იყო. თუმცა „ბამანეს" პატარძლებს ჩემთან მუშაობის არცერთ წუთს ეს არ უგრძვნიათ...
„ბამანეს“ საბავშვო ნაწარმი
- დღეს შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი ყველაზე გაუმხელელი ოცნება ასრულდა?
- დიახ, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ დღეს მივადექი იმ ოცნებას, რაც გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა და რისი გამხელისაც მეშინოდა. მეშინოდა იმიტომ, რომ დამწყები მკერავისთვის, რომელმაც კერვა საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის ისწავლა, წარმოუდგენელი იყო შეექმნა ისეთი ღირებული რამ, რაც მასობრივ მოწონებას დაიმსახურებდა. პატარძლების მომსახურება კი საერთოდ ილუზიად მიმაჩნდა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ არასოდეს თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე, არც მათი ხმამაღლა გამოთქმის შეეშინდეთ. მე უკვე ვირწმუნე ადამიანის შრომისმოყვარეობისა და ნიჭის, რომელიც მუდამ უნდა ეძიო საკუთარი თავის კუთხე-კუნჭულებში, მუდამ უნდა ეძიო, რადგან როდის რას აღმოაჩენ, არავინ იცის...