ამერიკაში 2017 წელს კომპანია „სონის“ მიწვევით აღმოჩნდა. დღეს მისი ქართული მოტივებით გაჯერებული მუსიკით ამერიკულ კინოფილმებს აფორმებენ. ცნობილ მუსიკალურ სტუდიებთან თანამშრომლობს და ურთიერთობა აქვს ამ სფეროს გამორჩეულ პროფესიონალებთან.
- დავით, მუსიკა მამის წყალობით გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
- მართალი ხართ, ასეთი დამოკიდებულება გამიჩნდა მამის ავთო წიკლაურის წყალობით, რომელიც უზომოდ ნიჭიერი ადამიანია. ის ანსამბლ „ბერიკონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მამა კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი, მხატვარი, მოქანდაკეა. ვიცი, რომ მას ვერასდროს დავეწევი, რადგან წარმოუდგენლად და მრავალმხრივ ნიჭიერია. მან იქონია ჩემზე უდიდესი გავლენა, იმიტომ რომ პატარაობიდან ვუყურებდი როგორ წერდა სიმღერებს, დავყავდი კონცერტებზე ფილარმონიაში, რაც მაშინ ყველაზე დიდი ზეიმი იყო. მოკლედ, ყველაზე ტკბილი მოგონებები ბავშვობიდან მომყვება.
- დღეს თქვენი კინომუსიკა ამერიკაში მოწონებით სარგებლობს. როდის დაიწყეთ მუსიკის წერა?
- პატარ-პატარა მელოდიებს ადრეც ვწერდი, მაგრამ 17-18 წლის ასაკში საკუთარი სათქმელი გამიჩნდა. ნებისმიერი და, მით უმეტეს, მუსიკალური ხელოვნება გარკვეული მსოფლმხედველობის, ინდივიდუალიზმისა და ემოციური სამყაროს ჩამოყალიბებას მოითხოვს, რასაც დრო სჭირდება. თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს ისევ დავიწყებდი მუსიკის წერას.
- ამერიკაში ცხოვრებაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?
- ასე იყო, ყოველთვის აღტაცებული ვიყავი ამერიკული კულტურით, აქაური ცხოვრების წესით და მენტალობით. ამ ქვეყანაში 2017 წელს ჩამოვედი კომპანია „სონის“ მოწვევით და ბევრი კეთილი ადამიანის წყალობით. აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ. რიგი მიზეზების გამო ძალიან ძნელია საქართველოდან აქ მოხვედრა, თუმცა ახლა აქ ვცხოვრობ და ამერიკული ფილმებისთვის მუსიკას ვწერ. ფანტასტიკური ხალხი გავიცანი კინოსა და მუსიკის სფეროში. ხანდახან თავად მიჭირს იმის დაჯერება, რომ მათ ვესაუბრები, იმდენად დიდები არიან, ამასთან საკმაოდ თბილი ადამიანებიც.
- რომელი იყო პირველი ფილმი, რომლისთვისაც მუსიკა დაწერეთ?
- ეს იყო ქართულ-ამერიკული ტრილერი „247 ფარენჰაიტით“, რასაც ამერიკელი კრიტიკოსების კარგი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ეს ჩემთვის საკმარისი არ არის. დღეს ასევე მყავს სტუდენტები და ვმუშაობ ადგილობრივ სტუდიებში, სადაც მუსიკოსებს ფორტეპიანოს პარტიების ჩაწერასა და გაორკესტრებაში ვეხმარები.
- თქვენს მუსიკაში ქართული მოტივები იგრძნობა, ამ ფორმით ნოსტალგიას გამოხატავთ?
- დიახ, ჩემს მუსიკაში ხშირად ჟღერს ქართული მოტივები და ამით ჩემს სამშობლოს მუსიკის მეშვეობით სიყვარულში ვუტყდები. როგორი ტკბილიც არ უნდა იყოს სხვა ქვეყანა, საკუთარი მაინც გენატრება და გტკივა. მე მჯერა, რომ ჩვენ გამოგვივა და საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ცივილიზაციაში. მე კი ყოველთვის მზად ვარ ამაში მონაწილეობა მივიღო. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება.
- ვიცი, რომ კარგად ხატავთ, სამომავლოდ ამ მიმართულებით თუ გეგმავთ რაიმეს?
- ბავშვობაში ვხატავდი, მაგრამ საკუთარ თავს მხატვრობაში ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი არქიტექტურისა და დიზაინის სიყვარულში გადაიზარდა. ერთ ზაფხულს პასადენის სამხატვრო კოლეჯში ავტომანქანის დიზაინის შესახებ ლექციებს დავესწარი, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. გამაოცა ამ სფეროს პროფესიონალების ოსტატობამ, იმან, თუ როგორ შეიძლება ფორმა და ფუნქცია ერთმანეთს შეუხამო და უბრალო ნივთი ხელოვნების ნიმუშად აქციო. საერთოდ, ვოცნებობ ბოლომდე გავაკეთო ის, რისი გაკეთების შესაძლებლობაც განგებამ დაბადებიდან მაჩუქა. თუმცა ეს უფრო მიზანია, რასაც ბევრი მუშაობა სჭირდება, მაგრამ მჯერა, რომ სამყაროში მიუღწეველი არაფერია...
ნინო მამულაშვილი