თბილისი, 25თებერვალი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცესკოს წევრებმა 29 აპრილის არჩევნებისთვის ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს.
„არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დაკვირვებოდა სხდომას ცესკოს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით“, — აღნიშნულია ინფორაციაში.
უწყების ცნობით, ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრებაც.
29 აპრილის არჩევნებისათვის №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45 ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 35 განაცხადი შემოვიდა (18 ქალი და 17 კაცი). გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 29 კონკურსანტმა, ლაივ რეჟიმში გასაუბრება მხოლოდ იმ პირებთან წარიმართა, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა.
არჩევამდე, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებმა გასაუბრება ცესკოს წევრებთან ლაივ რეჟიმში გაიარეს. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრების პროცესს უშუალოდ დაკვირვებოდნენ ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით.
ცესკოში აღნიშნავენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება და კონკურსის ღიად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2021 წლიდან დამკვიდრდა, რაც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ასახავს რეალურ სურათს, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია დროებითი წევრების არჩევისას.
რაც შეეხება ცესკოს მიერ დღეს არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს, არჩეული 30 პირიდან, ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს 28 პირს, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე - 12-ს. ცესკოს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს 14 პირს, მათ შორის ერთს გავლილი აქვს „საარჩევნო განვითარების სკოლა“, ერთს „ახალგაზრდული ბანაკები“ და 12-ს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს პარლამენტში შუალედური არჩევნები და მუნიციპალურ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. 164 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული.
ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება ამომრჩევლების ვერიფიკაციის, ასევე კენჭისყრის პროცესისა და ხმების დათვლისთვის 117 საარჩევნო უბანზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ამომრჩევლების 91%-ს მოიცავს.
იმ 47 უბანზე, სადაც ჩვეული ურნები იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება და გამოქვეყნდება.