ახალი რეალიები ენმ-ში და მერაბიშვილის როლი - ოპოზიციაში პარტიის პერსპექტივები შეაფასეს

გუშინ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მალე „ნაცმოძრაობა“ აქტიურ მოქმედებაზე გადავა
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ყოფილი პრემიერისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურებამ პოლიტიკურ არენაზე ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დადებითი რეაქცია გამოიწვია - ისინი ელოდებიან, რომ ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი კი არ გააძლიერებს, არამედ დაშლის ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
გუშინ მერაბიშვილმა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მალე პარტია აქტიურ მოქმედებაზე გადავა.
ამასთან, მერაბიშვილმა დადებითად შეაფასა ბოლო კვირის აქციები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარდა.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში იანვრის ბოლოს რადიკალურად განწყობილმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მას მხარი დაუჭირეს მერაბიშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ახლა კი ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა.
მერაბიშვილს მმართველი პარტიის წარმომადგენლები 2004-2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის“ ერთ-ერთ ავტორად მიიჩნევენ, კეზერაშვილს კი - ოლიგარქად, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში თავდაცვის სამინისტრო გაძარცვა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მერაბიშვილმა ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა, კეზერაშვილი კი, რომელსაც დაუსწრებლად 5 წლით თავისუფლების აღვეთა აქვს მისჯილი, ძებნილია.

გუშინწინდელი დღე

მერაბიშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ფიქრობს „მოქალაქეების“ წარმომადგენელი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
„ვანო მერაბიშვილს იმდენი ცუდი რამ აქვს ჩადენილი, მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს, მხოლოდ ციხეში ყოფნა არ შველის, ამ ყველაფერს არ ათეთრებს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
მან დადებითად შეაფასა ის, რომ მერაბიშვილი კულისებიდან გამოვიდა და ახლა ღიად მართავს „ნაცმოძრაობას“, რაც პარტიას დაშლის.
„ოპოზიციური ფლანგისთვის მერაბიშვილი საშიში არ არის, მისი პოლიტიკის შედეგი პარტიის დაშლა იქნება. მერაბიშვილი საშიში იყო, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ახლა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რასაც ვუყურებ, პარტიის დაშლას ენერგიულად ცდილობს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
თავისი განცხადებით მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათ რიცხვშია, ვინც არაფორმალურად მართავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, აღნიშნა ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.
„ამ განცხადებით მერაბიშვილმა გამოავლინა საკუთარი მოტივი, რომ გაეძლიერებინა თავისი შესუსტებული პარტიის ახალი მმართველობა. ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და კიდევ ერთი არაფორმალური მმართველი. ვანო მერაბიშვილი არის “, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
იმის შესახებ, რომ მერაბიშვილსა და ბიზნესმენ კეზერაშვილს უნდათ პარტიის არაფორმალურად მართვა, არაერთხელ უთქვამთ თვით პარტიაშიც, კერძოდ კი, ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერებს.
მეტიც, ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ თანამფლობელმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს. მმართველ პარტიაში დაადასტურეს, რომ მოხარული არიან ამით, რადგან მერაბიშვილის მსგავსი ფიგურა მხოლოდ დააჩქარებს „ნაცმოძრაობის“ განადგურებას.
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ივარაუდა, რომ მერაბიშვილი გააქტიურდა სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რადგან ისინი მეგობრები არიან.
„ასე მინდა ჩავთვალო“, - თქვა მან ბრიფინგზე.
„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ამ პარტიას არანაირი პერსპექტივა არა აქვს.
„შეუძლებელია, მერაბიშვილისნაირი ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
კახა კალაძე: მერაბიშვილის გააქტიურება „ქართული ოცნებისთვის" საჩუქარია >>
მისი სიტყვებით, „ნაცმოძრაობის“ ერთადერთი მოვალეობაა, იყოს საფრთხობელა „ქართული ოცნების“ ხელში: ყოველი არჩევნების წინ მმართველი პარტია მოსახლეობას აშინებს, რომ მისი დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებაში სასტიკი „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდება.
„ვინაიდან მე მართლა მგონია რომ ცხადად დასრულდა „ნაცმოძრაობა" და ნაცვლად საშიშისა დარჩენილია მისგან რაღაცნაირი კარიკატურა, არ მგონია ამისგან რაღაც საფრთხობელა გამოვიდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მერაბიშვილს უფლება აქვს, გააკეთოს ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლის, განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას „ქართული ოცნების“ კამპანიაში ექს-პრემიერის წინააღმდეგ.
„ჩემთვის მთავარია საკითხია ის, რომ ქვეყანა კანდიდატის (ევროკავშირის წევრობის - რედ.) სტატუსს კარგავს და სააკაშვილს კლავენ, ვანო მერაბიშვილი სად წავა, რას გააკეთებს, ეს მეორეხარისხოვანია. მას სამოქალაქო აქტივობა აკრძალული არ აქვს და უფლება აქვს, რასაც საჭიროდ ჩათვლის, ის გააკეთოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ ბრიფინგზე.
მერაბიშვილთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო თანამშრომლობაზე დასმულ კითხვას მანჯგალაძემ უპასუხა, რომ რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, მას არავითარი პოლიტიკური ამბიციები არა აქვს.
„ნაცმოძრაობამ" ბოიკოტი გამოაცხადა და მმართველ პარტიას სიმშვიდის დარღვევით დაემუქრა >>
„თუ მეკითხებით იმას, მერაბიშვილი უნდა იყოს თუ არა ისევ ძალაუფლებაში, ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს, რადგან ეს თემა საზოგადოებაში დაძაბულობას, განხეთქილებას იწვევს“, -განაცხადა მანჯგალაძემ.
მერაბიშვილი ციხეში მოხვდა 2013 წლის მაისში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს 2006 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.
ის ციხიდან 2020 წლის თებერვალში გამოვიდა და გარკვეული პერიოდი უცხოეთში იმყოფებოდა. ამჟამად საქართველოშია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს