თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ფიზიკურ პირებს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად ამისა, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გადაწყვიტა, მას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭიროს, ხოლო დეტალების განხილვა გააგრძელოს.
„აგენტი ეწოდება არა პიროვნებას, არამედ იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ კანონის ქვეშ ხვდება. კიდევ ერთი, რაც შეიძლება ბევრს აღელვებდეს: ეს კანონი არანაირად არ შეეხება სტუდენტს, რომელმაც გარკვეული დაფინანსება მოიპოვა; მეცნიერს, რომელმაც გარკვეული გრანტი მიიღო უცხოეთიდან“, – განაცხადა სუბარმა.
დეპუტატის თქმით, კანონი შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ამ ორგანიზაციების თანამშრომლებს.
„უცხოური გავლენის აგენტად იწოდება თავად ორგანიზაცია, განსხვავებით ამერიკული კანონისგან, რომელიც პიროვნებებს ასახელებს აგენტებად“, – განაცხადა სუბარმა.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებაც გადაწყვიტა – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.
პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციამ პირველი კანონპროექტის კრიტიკა ისე დაიწყო, რომ წაკითხულიც არ ჰქონდათ.
„ორივე (კანონპროექტი) შეგვაქვს და ვეუბნებით ოპოზიციას, რადგანაც თქვენ რუსულს ეძახით კანონპროექტს, რომელიც მართლაც ქართული იყო და ამერიკული კანონიდან მხოლოდ რამდენიმე პუნქტი იყო აღებული, მაშინ იმედი გვაქვს, რომ ამერიკულ კანონს დაუჭერთ მხარს“, – განაცხადა სუბარმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მოქმედებს ანალოგიური, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, და ამგვარი კანონის მიღება პარტიაში არასწორად მიაჩნიათ.
ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
უკმაყოფილების პირველი ტალღა
როგორც კი „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებას გეგმავს, პროტესტის ტალღა მმართველი გუნდის ყველა ოპონენტის მხრიდან წამოვიდა. კრიტიკა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე პროექტი პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდებოდა და გამოქვეყნდებოდა.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც „რუსული კანონით“ არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.