საქართველო და იორდანია პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავენ

ამ ეტაპზე იორდანიიდან საქართველოში მგზავრთნაკადის რაოდენობა 20 ათასს აღწევს.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ავიაკომპანია Royal Jordanian ინტერესდება ქართული ბაზრით და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში გაიმართა. დღეისათვის იორდანიასა და საქართველოს ჩარტერული რეისები აკავშირებთ.

„ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. იორდანიაში საქართველოს მეტი ცნობადობის გაზრდის შემთხვევაში მგზავრთნაკადი და ტურისტული ნაკადები ამ ქვეყნიდან გაცილებით მეტი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე იორდანიიდან საქართველოში მგზავრთნაკადის რაოდენობა 20 ათასს აღწევს, რაც არ არის პატარა მაჩვენებელი იორდანიისთვის, აღნიშნეს აეროპორტების გაერთიანებაში.
„ტურისტული კამპანიების გააქტიურების შემდეგ ჩვენ ტურისტული ნაკადების ზრდას ველოდებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
სამდღიანი ფორუმის მანძილზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა 25-მდე შეხვედრა გამართეს.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT საფრანგეთის აეროპორტის სააგენტომ 2004 წელს დააარსა, რომლის მიზანია სამოქალაქო ავიაციის განვითარება.